„ლელოს“ ფრაქციის წევრებს კომიტეტებში გაწევრიანება ახალი კვოტების განსაზღვრის შემდეგ შეეძლებათ
„ლელოს“ ფრაქციის წევრებს კომიტეტებში გაწევრიანება ახალი კვოტების განსაზღვრის შემდეგ შეეძლებათ

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ რეგისტრაციას პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა.

რაც შეეხება ფრაქციის წევრების – მამუკა ხაზარაძის, დავით უსუფაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართვას სხვადასხვა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, აღნიშნული ფრაქციისთვის ამჟამად კვოტები არ არის განსაზღვრული და ამ საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარასკევს იმსჯელებს.

„პარასკევს გვექნება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ახალი კვოტები იქნება შემოღებული. რახან ფრაქცია დაგვემატა, ეს გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს კვოტებში. გამომდინარე აქედან, მათი შესაბამის კომიტეტებში გაწევრიანება მოხდება ახლად დადგენილი კვოტების მიხედვით.

ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ უნდა შევაჩეროთ „ლელოს“ მიერ ახლა წარმოდგენილი პირების, პარლამენტის წევრების სხვადასხვა კომიტეტში გაწევრიანება. პარასკევიდან, როდესაც უკვე ახალი კვოტები განისაზღვრება, შესაბამისად, მათ ფრაქციას თავისი წევრების სხვადასხვა კომიტეტის შემადგენლობაში წარდგენის საშუალება ექნება“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ ეტაპზე კომიტეტებში „ლელოს“ წევრებისთვის ადგილი არ არის და ფრაქციას კომიტეტებში გაწევრიანება ახალი კვოტების მიხედვით შეეძლება.

„მაგალითად, ჯაფარიძეს აქვს გაკეთებული განაცხადი საფინანსო-საბიუჯეტოზე და იურიდიულზე, თუ საგარეოზე, ხაზარაძესაც და უკვე მათთვის ეს ადგილი აღარ არის, შევსებულია. ახალი კვოტების შემოღების შემდეგ, უკვე მათ ფრაქციას, კონკრეტულად ფრაქციას ექნება საშუალება, რომ თავისი ფრაქციის კვოტით გადაანაწილოს თავისი წევრები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა და აღნიშნა, რომ პარასკევამდე „ლელოს“ წევრებს კომიტეტების სხდომებზე პარლამენტის წევრის სტატუსით შეეძლებათ დასწრება, თუმცა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.

მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის ბიუროს მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებში გაწევრიანების მოთხოვნით, ხოლო დავით უსუფაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში გაწევრიანებისთვის.