„ლელო საქართველოსთვის“ წევრები საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციას მართავენ
საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ახალი თავმჯდომარის არჩევნები უნდა გაიმართოს, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავენ.
როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავას არჩევა არის გადაწყვეტილი, გადაწყვეტილება კი, არა საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ მმართველი გუნდის კულუარებში მიიღეს.
„მმართველ გუნდს სურს, ჩაყლაპოს სასამართლოს ეს ნაწილიც, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და სურთ, აქციონ „ქართული ოცნების“ ნების აბსოლუტურ გამტარად. არჩევნები მოდის, საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვის უფლება და თავმჯდომარეს კანონი აძლევს უფლებას, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები. „ოცნება“ ხედავს, რომ მალე დაკარგავს ძალაუფლებას და ცდილობს, თავდაცვის ზღუდე ააგოს სხვადასხვა უწყებაში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა დღეს უნდა გაიმართოს.