,,ლელო საქართველოსთვის’’ ითხოვს, განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ითხოვს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს და სისტემური, შედეგზე ორიენტირებული რეფორმები განხორციელდეს.
როგორც პარტიის წარმომადგენელმა, მედეა მეტრეველმა განაცხადა, კულტურის სფეროში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას სამინისტრო ვერ ახერხებს და მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ყურადღება სჭირდება.
მისივე განმარტებით, სამინისტროების გაერთიანებამ ე.წ. ოპტიმიზაციის სახელით გამოიწვია სისტემაში საკადრო წმენდა, პროფესიონალი კადრების გაშვება და რიგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ხარჯების ზრდაც.
„ყურადსაღებია განცხადება, რომელიც გუშინ კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გაავრცელეს. განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ამ სფეროში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას სამინისტრო ვერ ახერხებს და მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ყურადღება სჭირდება.
2018 წელს, გაუაზრებელმა და ფაქტობრივად, ჩავარდნილმა რეფორმამ, რომელიც „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ფარგლებში კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ნაჩქარევად შეერთებით დასრულდა, საგრძნობლად დააზარალა კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციები, შეაფერხა მნიშვნელოვანი პროექტები.
სამინისტროების გაერთიანებამ გამოიწვია არათუ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და სახსრების დარგობრივ პროგრამებზე გადანაწილება, არამედ, ე.წ. ოპტიმიზაციის სახელით, სისტემაში საკადრო წმენდა, პროფესიონალი კადრების გაშვება და რიგ შემთხვევებში, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდაც.
გართულდა კომუნიკაცია სისტემაში შემავალ ორგანიზაციებთან, რაც აისახება მათი საქმიანობის ეფექტიანობაზე. სამინისტრო გაუქმდა და ქაღალდზე დარჩა საქართველოს სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის დოკუმენტი „კულტურის სტრატეგია 2025“, რომელიც საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N 303 დადგენილებით დამტკიცდა. შესაბამისად, შეუსრულებელია ვალდებულებები და ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები. არსებულმა ვითარებამ საფრთხის წინაშე დააყენა საერთაშორისო ვალდებულებების ვადების დაცვით შესრულება. საუბარია პროექტებზე, რომლებიც მთავრობის მიერ დაანონსდა, თუმცა მათ მომზადებაზე არ დაწყებულა შესაბამისი სამუშაოები.
ეს ყოველივე კი ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე მკვეთრად ნეგატიურად აისახება. ამავე დროს, ამ მნიშვნელობის პროექტების დაჩქარებულად, ფორსმაჟორულ გარემოებებში მომზადება აისახება როგორც პროექტების ხარისხზე, ასევე თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე (2022 წელს, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „ევროპალია“ საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა და ასევე პარიზის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი).
მთავრობის პიარის ნაწილი აღმოჩნდა 2019 წლის 5 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილება N364-ით შექმნილი სსიპ კულტურის განვითარების ფონდი, რომელიც სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ უფლებამონაცვლე უნდა ყოფილიყო და 2020 წლიდან 50 მილიონამდე ლარის ბიუჯეტი დამტკიცებოდა. სამწუხაროდ, ბიუჯეტის დოკუმენტში არ იძებნება მსგავსი სახელწოდების არც ორგანიზაცია და არც 50 მილიონი ლარის სახსრები. სსიპ შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაცია და ახალი ფონდის ჩამოყალიბება არც კი დასრულებულა.
სსიპ შემოქმედებითი საქართველოსთვის 2020 წლის ბიუჯეტში დამატებით განსაზღვრულია მხოლოდ 20 მლნ ლარი და ისიც „ჩეკ ინ ჯორჯიას“ პროექტების გასახორციელებლად, რომლებიც არანაირ კავშირში არ არის ქვეყანაში კულტურისა და შემოქმედებითი პროცესების განვითარებასთან და პირდაპირაა დაკავშირებული კონკრეტული პირების პირად ინტერესებთან.
საგულისხმოა, რომ 2019 წლის ოქტომბერში არარსებულ „ფონდს“ მიენიჭა გრანტების გაცემის უფლება მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. გრანტების გაცემის უფლების მინიჭება, ერთი შეხედვით, შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობის უფრო მოქნილ მოდელს გულისხმობს, თუმცა ამ პროცესის უკან ცალსახად იკვეთება წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისთვის რიგი ორგანიზაციების და მათი ფინანსური რესურსების გამოყენების საფრთხე“, – განაცხადა მედეა მეტრეველმა.
მედეა მეტრეველის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია ქართული კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობის არანაირი ხედვა, რაც საგანგაშო ფაქტია.
„არ არსებობს არანაირი სტრატეგია ამ სფეროს და მასში დასაქმებული ადამიანების შესაძლებლობების განვითარებისთვის. და ეს მაშინ, როდესაც ქართული კულტურა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია“, – განაცხადა მედეა მეტრეველმა