„ლელო“ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს
„ლელო“ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ლელო“ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელმა და ასევე ბინძურ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს.

ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას მიმართ არის თავისუფალ მედიაზე ტოტალური კონტროლის დამყარების პირდაპირი გზავნილი. ხელისუფლებას აქვს აუტანლობა კრიტიკული მედიის მიმართ, ხელისუფლებას აშინებს მედიაპლურალიზმი. ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური ლიდერების დევნა. ქვეყანაში არის დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რყევა და ხშირ შემთხვევაში მათი მოშლა.

დღევანდელი უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება მძიმედ ხელისშემშლელი ფაქტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის ბრძოლის გზაზე. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მუდმივად მოგვიწოდებენ პოლარიზაციის და პოლიტიკური ესკალაციის დასრულებისაკენ, რომელიც დღევანდელმა უსამართლო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო მეტად შეიყვანა ჩიხში.

ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშ არის და „ქართულ ოცნებას“ გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული. ქართული საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო ინსტიტუტების ვალდებულებაა, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა.