„ლელო“ პარლამენტში ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს
„ლელო“ პარლამენტში ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. პარტიის ლიდერებმა გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერეს. მათი თქმით, აუცილებელია რუსული პროპაგანდის კანონით დარეგულირება.
„ლელო” კანონპროექტის ინიცირებამდე არსებული ვერსიის საჯარო განხილვების გამართვას გეგმავს
როგორც „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რუსეთი საქართველოს ებრძვის არა მხოლოდ ოკუპაციისა და ანექსიის გზით, არამედ ასევე ჰიბრიდული ომის მეშვეობით, რომლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში.
„წარმოგიდგენთ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებას ლუსტრაციისა და ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლის შესახებ. ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიზნებითა და სულისკვეთებით, რომ კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებაა, მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ვიაზრებთ, რომ საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიას, სტაბილურობას და ევროატლანტიკურ არჩევანს საფრთხეს ღიად და დაუფარავად უქმნის რუსეთის იმპერიალისტური და აგრესიული პოლიტიკა. რუსეთი გვებრძვის არა მხოლოდ ოკუპაციისა და ანექსიის გზით, არამედ ასევე ჰიბრიდული ომის მეშვეობით, რომლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში. „ლელოს“ პოლიტსაბჭომ შეიმუშავა ლუსტრაციის პოლიტიკა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით, რათა გამოაშკარავდეს და აღიკვეთოს რუსეთის გავლენები საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საჯარო პროცესებზე.
საკანონმდებლო პაკეტს აქვს შემდეგი შინაარსი – მოხდეს მტრული სახელმწიფოს სამსახურში მყოფი და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი პირების გამოვლენა, გამოაშკარავება. მათი სახელმწიფო თანამდებობებზე არ დაშვება, იმ საჯარო მოხელეების პასუხისგებაში მიცემა, ვინც განზრახ ხელს უშლიან საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში კონსტიტუციით გარანტირებული ინტეგრაციის კურსს, ან არ ასრულებენ ოკუპაციის შესახებ მოქმედ კანონმდებლობას, იმ მედია და საინფორმაციო საშუალებების აკრძალვა, რომლებიც ავრცელებენ ტოტალიტარულ იდეოლოგიას, ეწევიან ოკუპანტი ქვეყნის აგრესიული ომის პროპაგანდას და ავრცელებენ ოკუპანტი სახელმწიფოს დეზინფორმაციას საქართველოში. აღნიშნული მიზნების აღსრულება მოხდება სპეციალური ორგანოს, ლუსტრაციის კომისიის მეშვეობით, რომელიც დემოკრატიული მეთოდების და სამართლის უზენაესობის პრინციპები სრული დაცვით უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.