ლელა ჯეჯელავა - სააკაშვილმა იცის, საიდან მოხდება მილიარდიან ფონდში მილიარდის აკუმულირება, მაგრამ დამერწმუნეთ, თავად ქართული ემიგრაციაც დიდ როლს შეასრულებს ამ ფონდის შექმნაში
ლელა ჯეჯელავა - სააკაშვილმა იცის, საიდან მოხდება მილიარდიან ფონდში მილიარდის აკუმულირება, მაგრამ დამერწმუნეთ, თავად ქართული ემიგრაციაც დიდ როლს შეასრულებს ამ ფონდის შექმნაში

რასაკვირველია, პრეზიდენტმა სააკაშვილმა იცის, კონკრეტულად საიდან მოხდება მილიარდიან ფონდში ამ ერთი მილიარდის აკუმულირება, მაგრამ დამერწმუნეთ, თავად ქართული ემიგრაციაც ძალიან დიდ როლს შეასრულებს ამ ფონდის შექმნაში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლელა ჯეჯელავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „არჩევნები 2024“-ში განაცხადა.

მან უპასუხა წამყვანის შეკითხვას, ვინ უნდა ჩარიცხოს ერთი მილიარდი ევრო მიხეილ სააკაშვილის ფონდში და რა გზებით იგეგმება მილიარდი ევროს შეგროვება ემიგრანტების დასაბრუნებლად.

„ემიგრაციის ურთიერთსოლიდარობას ჩვენ ვხედავთ დღესაც. მათ ახლაც აქვთ შექმნილი ფონდი. მიუხედავად ძალიან დიდი დაბრკოლებებისა და ჩემი აზრით, უსამართლობისა, როგორც მათ საქართველოს ხელისუფლება მოექცა, როცა პრინციპში, ჩამოართვა ხმის უფლება, ქართული ემიგრაცია ყველაფერს აკეთებს, რათა ერთმანეთს ხელი შეუწყონ. მე არ ვგულისხმობ, რომ ამ ფონდში ერთი მილიარდი ევრო მარტო ემიგრანტებმა უნდა ჩარიცხონ, მაგრამ ემიგრანტებიც თავის წვლილს შეიტანენ ამაში. რასაკვირველია, ამაში თავის წვლილს შეიტანს, როგორც ქართული ბიზნესი, ასევე ქართული საზოგადოება და ასევე, აქ მოზიდული იქნება საერთაშორისო ფინანსებიც“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ გეგმავს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის ქარტიის დათქმების შესრულებას და არის თუ არა მათი ერთობა მზად, რათა 26 ოქტომბერს მოპოვებული მანდატები დათმოს, ლელა ჯეჯელავამ განაცხადა, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, დათმოს ყველა პრივილეგია, თუმცა მანდატი არის ტვირთი და არა პრივილეგია.

ლელა ჯეჯელავამ ასევე აღნიშნა, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ყველა პროდასავლურ ძალასთან თანამშრომლობისთვის, ყოველგვარი გამონაკლისის და დათქმების გარეშე.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ითანამშრომლებს და არასოდეს არ ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც შემჩნეული იქნება კოლაბორაციაში ამ ქვეყნის მტერ, ოკუპანტ სახელმწიფოსთან. დანარჩენი, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობის, თანამშრომლობის, მათთან დისკუსიის და რაც მთავარია, მათთან ერთად ქვეყნის შენების პრობლემა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობას“ არ აქვს“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მან „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს მიმართა, მხარი დაუჭიროს იმ ძალას, რომელიც არის ქვეყნის ერთიანობის, ევროპული მომავლის მომხრე და არა ქვეყნის ფრაგმენტაციის და პოლარიზაციის მომხრე.