„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრას „გირჩი“ არ ესწრება, რის მიზეზადაც მოუცლელობას ასახელებს
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრას „გირჩი“ არ ესწრება, რის მიზეზადაც მოუცლელობას ასახელებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციური პარტიების შეხვედრას „გირჩის“ წარმომადგენელი არ ესწრება.

მიზეზად „გირჩი“ მოუცლელობას ასახელებს და არა პროპორციულ არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.

კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ  ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად პროპორციული არჩევნების დაპირება“.

ვაშაძის განცხადებიდან მეორე დღეს, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მონაწილეობას აღარ მიიღებდა ოპოზიციის საერთო საკონსულტაციო ფორმატის შეხვედრებში, რომელშიც გრიგოლ ვაშაძე იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ გრიგოლ ვაშაძე წარმოადგენს.

„გირჩში“ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ზურაბ ჯაფარიძის მიუსვლელობის ოფიციალურ მიზეზად გეგმებსა და მოუცლელობას ასახელებენ, თუმცა ამავე დროს ამბობენ, რომ ზურაბ ჯაფარიძეს პოზიცია უკან არ წაუღია და „ის გრიგოლ ვაშაძესთან არ ლაპარაკობს“.

რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა ზურაბ ჯაფარიძე შემდეგ შეხვედრაში მონაწილეობას, პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ზოგადად აპირებს, გრიგოლ ვაშაძის საკითხი ოპოზიციურ ერთობასთან კავშირში არ არის.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დღეს მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა. გიორგი ვაშაძე ირწმუნება, რომ ოპოზიციაში განხეთქილება არ არსებობს.

ვაშაძის თქმით, ოპოზიციის ერთიანობა „ქართული ოცნების“ რეჟიმისგან გასათავისუფლებად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და იმედი აქვს, არც ერთი ოპოზიციური ძალა პატარ-პატარა კინკლაობებს ამ საქმეს არ გადააყოლებს.

„მე არ ვიცი, იქნება თუ არა „გირჩი“ დღევანდელ შეხვედრაზე. „გირჩს“ უნდა ჰკითხოთ. ოპოზიციაში განხეთქილება არ არსებობს. ჩვენი ერთიანობა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ რეჟიმისგან გათავისუფლებისთვის. ეს გამარჯვება ქართველ ხალხს სჭირდება და იმედი მაქვს, არც ერთი ოპოზიციური ძალა პატარ-პატარა კინკლაობებს ამ საქმეს არ გადააყოლებს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემასთან, მოლაპარაკებების მე-5 რაუნდთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მსჯელობენ.