ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე - ერდოღანი გავლენიანი ადამიანია, შეუძლია პუტინთან საუბარი, მესამე მხარეა, რომლის გარანტიების გარეშე სამხედროების ევაკუაცია პრაქტიკულად შეუძლებელია
ერდოღანი გავლენიანი ადამიანია, შეუძლია პუტინთან საუბარი, ეს არც უკრაინის ხელისუფლებაა და არც რუსეთის, მესამე მხარეა, რომლის გარანტიების გარეშე სამხედროების ევაკუაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.
მისივე თქმით, თურქეთი დიდი ქვეყანაა, რომელიც არის მსოფლიო ლიდერი და აღნიშნა, რომ თავად ერდოღანი არის ძლიერი პიროვნება.
„ჩვენ ვიცით, რომ თურქეთის პრეზიდენტ, ბატონ ერდოღანს სირიაში ჰქონდა წარმატება ასეთ ოპერაციებში და მან შეძლო სამხედროების გამოყვანა. რატომ მივმართავთ დახმარების თხოვნით მათ? აქ საქმე ეხება შავ ზღვას, ხორბალს, ეს კატასტროფაა. თურქეთი არის დიდი ქვეყანა, რომელიც გახლავთ მსოფლიო ლიდერი და თავად ერდოღანი ძლიერი პიროვნებაა. ამას უნდა დაემატოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი. ერდოღანი გავლენიანი ადამიანია და მას რეალურად შეუძლია პუტინთან საუბარი. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერდოღანს აქვს გავლენა და შეუძლია, რუსეთის პრეზიდენტს დაელაპარაკოს და თან ეს მესამე მხარეა. ეს არც უკრაინის ხელისუფლებაა და არც რუსეთის. მესამე მხარის გარანტიების გარეშე სამხედროების ევაკუაცია პრაქტიკულად შეუძლებელია“, – აღნიშნა პალამარმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა „აზოვსტალის“ სამხედრო გზით განბლოკვა, ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ განაცხადა:
„მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ ვითარების ობიექტურად შეფასება არ შეგვიძლია. ჩვენ არ ვიცით, რა ტიპის შეიარაღება აქვს შეიარაღებულ ძალებს, არ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლიათ, არ ვიცი სტრატეგიული გეგმა და ა.შ. თუმცა, მე ასე ვიტყოდი – შეუძლებელი არაფერია. ჩვენმა სამხედროებმა ეს დაამტკიცეს. შეიძლება ასეთი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა თუ ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ასეთი შესაძლებლობა დღეს არ არის, მაშინ ჩვენ ამ საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტილების იმედი მაინც გვაქვს. ახლა სიტუაცია ჩიხშია შესული, მტერი კარგავს სამხედროებს, ჩვენც ვკარგავთ მებრძოლებს. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. ასეთი სიტუაციაში კი აუცილებელია, რაიმე გადაწყვეტილებამდე მისვლა, რადგან ჩვენ არც ხვალ და არც ხვალ არ დავნებდებით. წყალი და საკვებიც რომ აღარ დაგვრჩება, მაინც მოვიპოვებთ წყალს, ყვავებს, მტრედებს დავხოცავთ ბოლოს და ბოლოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ახლა საკითხის პოლიტიკურ გზით მოგვარება შედის როგორც უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის, ისე რუსეთის ინტერესშიც. თუ პუტინი დათანხმდა მოქალაქეების ევაკუაციას, მაშინ აპრიორი არსებობს შესაძლებლობა, რომ დათანხმდეს დაჭრილებისა და სამხედროების ევაკუაციასაც. საუბარია მამაკაცებსა და ქალებზე, რომლებიც „აზოვსტალში“ იმყოფებიან. ეს არის ეროვნული გვარდია, რომელშიც შედის პოლკი „აზოვი“, ასევე სანაპირო დაცვა, საზღვაო ქვეითები, პოლიცია, ტერიტორიული თავდაცვა. აქ არიან ყველა ამ ქვედანაყოფების დარჩენილი ნაწილები“, – განაცხადა პალამარმა.