„ლე პარიზიენი“ - პარიზის პროკურატურა „ქართული მაფიის“ საქმეს იძიებს
გავლენიანი ფრანგული გამოცემა „ლე პარიზიენის“ ინფორმაციით, პარიზის პროკურატურა „ქართული მაფიის“ საქმეს იძიებს. გამოცემის ცნობით, პროკურატურამ უკვე მოითხოვა ქურდობასა და ძარცვაში ბრალდებული 35 პირის წინააღმდეგ გამოძიების ხელახლა ჩატარება. მათგან 14 ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება. ბრალდებულების უმეტესობა 2017 წლის ნოემბერში დააკავეს პარიზში.
როგორც „ლე პარიზიენი“ წერს, „ქართული მაფიის“ ლიდერები „კანონიერ ქურდების“ სახელით არიან ცნობილი.
„ისინი აკონტროლებენ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელს, რომლის წევრებიც პარიზსა და მის გარეუბნებში ძარცვასა და ქურდობაში არიან მხილებულები. ნაძარცვი ფული კი, შემდეგ ერთად გროვდება“, – წერს ფრანგული გამოცემა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ქართველი „კანონიერი ქურდები“ და მათი მოკავშირეები საფრანგეთის გარდა მოქმედებენ ასევე პორტუგალიაში, ესპანეთსა და იტალიაში.