ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი - 2008 წელს ნატო-მ დაუშვა შეცდომა, მაშინ არ განიხილებოდა საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხი, მათ არ სურდათ რუსეთის გაღიზიანება, რუსეთი მაინც გაღიზიანდა
ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი - 2008 წელს ნატო-მ დაუშვა შეცდომა, მაშინ არ განიხილებოდა საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხი, მათ არ სურდათ რუსეთის გაღიზიანება, რუსეთი მაინც გაღიზიანდა

2008 წელს ნატო-მ დაუშვა შეცდომა. მაშინ არ განიხილებოდა საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი. მათ უნდოდათ წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება, რაც დაეხმარებოდა, მაგალითად, უკრაინის არმიას, გაეტარებინა რეფორმები, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა, – ამის შესახებ ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვაირა ვიკე ფრაიბერგამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ დაკარგა ყირიმი, რადგან არ იყო მზად, დაეცვა საკუთარი ქვეყანა.

„უკრაინამ მხოლოდ 2014 წელს შეძლო არმიის რეფორმირება. ამიტომ თუ ნატო 2008 წელს მიიღებდა გადაწყვეტილებას უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის მინიჭების თაობაზე, ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდებოდა. მაგრამ ნატო-ს მაშინდელი გადაწყვეტილება იყო განპირობებული იმით, რომ მათ არ სურდათ რუსეთის გაღიზიანება. რუსეთი მაინც გაღიზიანდა“, – განაცხადა ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ამასთან, ვაირა ვიკე ფრაიბერგამ აღნიშნა, რომ, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, დიპლომატიური ძალისხმევა და რეფორმები მთავარი პრიორიტეტია.

„ლატვია როცა იყო კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის და ნატო-სი, ჩვენ მუდმივად გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი დამოკიდებული იყო კრიტერიუმების შესრულებაზე. ევროკავშირის შემთხვევაში, ეს ნიშნავს ასობით რეფორმის გატარებას, ნატო-ს შემთხვევაში – შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას და რეფორმას, თავდაცვაში ინვესტიციების ჩადებას, მაგრამ ჩვენ მუდამ გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. ასე რომ, ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც არის ნატო-ს ან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, შეიძლება ითქვას, რომ, მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი რეფორმის ჩატარების გარდა, აუცილებელია ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის გაწევა მთელ მსოფლიოში, რომ ყველას წარუდგინო, რატომ არის საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობა კარგი იდეა. მოიყვანეთ არგუმენტები, რადგან რუსეთი ავრცელებს კონტრარგუმენტებს, რომ საქართველოს არაფერი ესაქმება ნატო-სა და ევროკავშირში, რომ საქართველო შორსა. ასე რომ, დიპლომატიური ძალისხმევა და რეფორმები არის მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა.