ლატვიის პრეზიდენტი - სახელმწიფოს საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ევროპაში მშვიდობის საფუძველი
ლატვიის პრეზიდენტი - სახელმწიფოს საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ევროპაში მშვიდობის საფუძველი

სახელმწიფოს საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ევროპაში მშვიდობის საფუძველი. ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპი ასევე გაწერილია გაერო-ს წესდებაში, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსიმ ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლატვიას ოკუპაციისა და ანექსიის საკუთარი  გამოცდილება აქვს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ არასდროს აღიარა ბალტიის ქვეყნების არალეგალური ანექსია.

ლატვიის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ასევე აღდგება სამართალი იმ შემთხვევებშიც, სადაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა ხდება.

„უცხო ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია არის მე-19 საუკუნის პოლიტიკა და არა 21-ე საუკუნის. ამიტომ ვფიქრობ, ამგვარი პოლიტიკა მიუღებელი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის. სახელმწიფოს საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ევროპაში მშვიდობის საფუძველი. ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპი ასევე გაწერილია გაერო-ს წესდებაში. მსოფლიოში მშვიდობა ემყარება სწორედ გაერო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.

ლატვიას არალეგალური ოკუპაციისა და ანექსიის საკუთარი გამოცდილება აქვს, ისევე როგორც ჩვენს მეზობელ ლიეტუვასა და ესტონეთს. საერთაშორისო საზოგადოებამ არასდროს აღიარა ბალტიის ქვეყნების არალეგალური ანექსია და 50 წლის შემდეგ ბალტიის ქვეყნებმა აღადგინეს დამოუკიდებლობა. მას შემდეგ 30 წელი გავიდა და ჩვენ უკვე ვართ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებითა და მთავრობებით. ეს არის პრეცედენტი საერთაშორისო სამართალში.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რამდენიმე შემთხვევა, სადაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა ხდება და უკრაინა ერთ-ერთი მათგანია, საბოლოოდ იმგვარად გადაწყდება, რომ სამართალი აღდგება. აბსოლუტურად დარწუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, ყირიმი დაუბრუნდება უკრაინას. ყირიმის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სახელმწიფოების ჯგუფს და საერთაშორისო აქტორები, როგორიცაა ევროკავშირი, ემსახურებიან უკრაინის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი დავიწყებას არ მიეცეს და მუდმივად იყოს პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – განაცხადა ეგილს ლევიტსიმ.

კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.