ლატვიის პრემიერ-მინისტრი - ევროპამ ახლა უნდა გახსნას კარი, კანდიდატის სტატუსი რთული გადასაწყვეტი არ არის, ჩემი პასუხი არის - დიახ
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ არის რთული გადასაწყვეტი, შეიძლება გადაწყვეტილება ერთ დღეში მიიღო, მნიშვნელოვანია, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინიშმა ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყების წინ ბრიუსელში განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა პოლიტიკური მზაობა ევროკავშირში სამი ქვეყნისთვის სტატუსის მისაცემად, კრიშიანის კარინიშმა უპასუხა:
„ამის შესახებ დიდი ხანია, ვსაუბრობ. პასუხი არის – დიახ. ევროპამ ახლა უნდა გახსნას კარი. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ არის რაიმე რთული გადასაწყვეტი საკითხი. ეს სრულიად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და შეიძლება ერთ დღეში მიიღო. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომ ჩვენ გვინდა გავხსნათ კარი და გავაფართოვოთ დემოკრატიული ერების ოჯახი იმ ქვეყნებით, რომელთაც სურთ კანონის უზენაესობის პრინციპით ცხოვრება და არა ძალის პრინციპით“, – განაცხადა კარინიშმა.