ლატვიაში, კერძო უმაღლეს სასწავლებლებში რუსულ ენაზე სწავლება აიკრძალა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების კანონში ცვლილებებს ლატვიის პრეზიდენტმა, რაიმონდ ვეიონისმა ხელი უკვე მოაწერა.
Latvijas Vestnesis-ში გამოქვეყნების შემდეგ, კანონპროექტმა კანონის ძალა მიიღო.
კანონში ცვლილებები ლატვიის სეიმმა 21 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, ლატვიის ყველა უმაღლეს სასწავლებელსა და კოლეჯში სწავლების პროცესი სახელმწიფო ენაზე წარიმართება. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება ევროკავშირის ერთ-ერთ ენაზე იქნება შესაძლებელი.
ევროკავშირის ერთ-ერთ ენაზე სწავლება ცალკეულ შემთხვევებში წარმოებს – უცხოელი სტუდენტებისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობის შეთანხმებებით გათვალისწინებულ პროგრამებზე. ამასთანავე, უცხოელი სტუდენტები აუცილებლად შეისწავლიან ლატვიურ ენას, თუ სწავლება 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდება.
2017 წელს ლატვიის კერძო სასწავლებლებში სტუდენტების მესამედი რუსულ ენაზე სწავლობდა.