ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კრიშიანის კარინშის მიერ კერძო თვითმფრინავების დაქირავების გამო გამოძიება დაიწყო
ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ კერძო თვითმფრინავების დაქირავების გამო გამოძიება დაიწყო. საუბარია ლატვიის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრზე, კრიშიანის კარინშზე. როგორც ირკვევა, კარინშმა სამსახურებრივი საჭიროებისთვის კერძო თვითმფრინავი რამდენჯერმე იქირავა.
ამას გარდა, ლატვიის საკანონმდებლო ორგანოში გრძელდება დისკუსია კარინშის მიერ სპეცრეისით გადაადგილებასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, ლატვიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სპეცრეისებით იმაზე ორჯერ უფრო ხშირად სარგებლობდა, ვიდრე მანამდე იყო ცნობილი. ამ რეისების საფასური ევროკავშირის სახსრებით დაფარეს და არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამიტომაც სახელმწიფო კანცელარიამ კარინშის ამ ფრენების შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელა.
გავრცელებული მონაცემებით, ლატვიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სულ 36-ჯერ იფრინა სპეცრეისით. ამ ფრენებზე დაიხარჯა 1,3 მილიონი ევრო. თავად კარინშმა განაცხადა, რომ ამ რეისების საშუალებით მან მაქსიმალურად სწრაფად შეძლო მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრა და, შესაბამისად, განამტკიცა ლატვიის როლი ევროკავშირსა და ნატო-ში.
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი მიიჩნევს, რომ კარინშის მიერ კერძო თვითმფრინავების გამოყენება, სავარაუდოდ, ეკონომიკურად წამგებიანი და არასათანადო იყო.