ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ტელეკომპანია „დოჟდს“ ლიცენზია გაუუქმა
ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ რუსულ ტელეკომპანია „დოჟდს“ ლიცენზია გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეზე, ივარს აბოლინშზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლიცენზიის ჩამორთმევის მიზეზად ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხე სახელდება.
ტელეკომპანია „დოჟდი“ ლატვიაში მაუწყებლობას 8 დეკემბრიდან შეწყვეტს. ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულ საბჭოში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია „დოჟდის“ ხელმძღვანელობამ ვერ გააცნობიერა ვერც ცალკეული დარღვევის, ვერც დარღვევების ერთობლიობის ხასიათი და სიმძიმე. როგორც ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ივარს აბოლინში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ლატვიის კანონმდებლობა უნდა დაიცვას და პატივი სცეს ყველამ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საბჭომ ტელეკომპანია „დოჟდი“ დააჯარიმა რუკის ჩვენებისთვის, სადაც ყირიმი აღნიშნული იყო რუსეთის ტერიტორიად, ასევე მასალისთვის, სადაც რუსეთის არმია მოხსენიებული იყო, როგორც „ჩვენი არმია“, წამყვანი კი რუსი მობილიზებულების დახმარების შესახებ საუბრობდა. კერძოდ, ტელეწამყვანმა ალექსეი კოროსტელიოვმა მაყურებელს მოუწოდა, ტელეკომპანიას ინფორმაცია მიაწოდონ მობილიზაციის ჩატარების დროს შესაძლო დარღვევების შესახებ.
„ვიმედოვნებთ, ჩვენ ბევრი სამხედრო მოსამსახურის დახმარება შევძელით, მაგალითად, აღჭურვილობით და, უბრალოდ, ელემენტარული საჭიროებებით ფრონტზე“, – განაცხადა წამყვანმა ეთერში.
2 დეკემბერს ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ კოროსტელიოვთან თანამშრომლობა შეწყვიტა და ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა.