ლატვიელი დეპუტატი - რუსეთი ძირს უთხრის ევროსაბჭოს ღირებულებებს, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ ევროსასამართლოს განჩინებით, ის პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისას
რუსეთი პატივს არ სცემს თავის ვალდებულებებს და ძირს უთხრის ევროსაბჭოს ფუნდამენტურ ღირებულებებს, – ამის შესახებ ლატვიელმა დეპუტატმა, ინესე ლიბინა-ეგნერემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განცხადა.
ლატვიელი დეპუტატი ასევე შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებას, რომლის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი.
„რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენა არასწორი ნაბიჯი იყო, რომელმაც რუსეთს საშუალება მისცა, მოეხდინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების იგნორირება და ყველაზე უმთავრესი, ძირი გამოეთხარა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ფუნდამენტური ღირებულებებისთვის. ნება მიბოძეთ, ასევე შეგახსენოთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი განჩინებით, რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დროს“, – აღნიშნა ლატვიელმა დეპუტატმა.