ლატვიაში, მალტასა და სლოვაკეთში ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს
ლატვიაში, მალტასა და სლოვაკეთში ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს

ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დღეს კიდევ სამ ქვეყანაში, ლატვიაში, მალტასა და სლოვაკეთში გაიხსნა.

ლატვიაში ხმის მიცემა დილის 8:00 საათიდან დაიწყო, უბნები საღამოს 8:00 საათზე დაიხურება. ქვეყანა ბრიუსელში ცხრა დეპუტატს გააგზავნის. ევროპარლამენტში ადგილებისთვის კი 16 პარტია და პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის, სულ 271 კანდიდატი.

ლატვიის, ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ამომრჩეველთა ადგილობრივ რეესტრში შედიან, ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემა წინასწარ შეეძლოთ, გასულ ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს. ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვადამდელ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებით 128 938-მა ამომრჩეველმა, ანუ ამომრჩეველთა 8,37%-მა ისარგებლა.

რაც შეეხება მალტას, ამომრჩევლები ექვს კანდიდატს ირჩევენ. მალტაში საარჩევნო უბნები დილის 7:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება.

არჩევნებია სლოვაკეთშიც. აქაც უბნები დილის 7:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება. არჩევნებში მონაწილეობას 22 პარტია და ერთი კოალიცია იღებს. სლოვაკეთი 15 დეპუტატს ირჩევს. საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. რობერტ ფიცომ ხმა საავადმყოფოდან მისცა. როგორც ფიცო აცხადებს, არჩევანი სიმშვიდის სასარგებლოდ გააკეთა.

დღეს, დღის მეორე ნახევარში ხმის მიცემა დაიწყება ასევე იტალიაში. გუშინ ევროპარლამენტის არჩევნები ჩეხეთსა და ირლანდიაში ჩატარდა. ჩეხეთში ხმის მიცემა დღესაც გაგრძელდება.

ევროპარლამენტის არჩევნები ხვალ დასრულდება. ევროკავშირის მოქალაქეები 720 პარლამენტარს ირჩევენ, რომლებიც წევრ სახელმწიფოს წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად.