ლაშა ტალახაძე - მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, რომელთა აქტიურობამაც მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული მესამედ მომანიჭა
ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე, რომელიც საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად (17 084 ხმით) დღეს მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად აღიარეს, გულშემატკივრებს მადლობას უხდის. ამის შესახებ ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, რომელთა აქტიურობამაც მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული უკვე მესამედ მომანიჭა. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს აქტიურობისთვის, მხარდაჭერისა და ხმის მოცემისთვის.
რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ტიტული. 2019 წელს ალბათ განსაკუთრებით მეკუთვნოდა ეს ჯილდო, რადგან წელს დავაფიქსირე რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც აქამდე არ დაფიქსირებულა მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში. ჩემმა გულშემატკივრებმა ეს სიკეთე გვერდში დგომით გადამიხადეს. მადლობელი ვარ მათი და ძალიან მიხარია“, – განუცხადა ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველ არხს.
საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად (17 084 ხმით), ლაშა ტალახაძე მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად ზედიზედ მესამედ აღიარეს.