ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს
ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს

ლაშა ტალახაძე საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად (17 084 ხმით) მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი თანამემამულე პლანეტის უძლიერეს ძალოსნად ზედიზედ მესამედ დასახელდა.

„უკანასკნელ სამ არჩევნებში ცვლილება არ მომხდარა – ქართველი გიგანტი ტალახაძე ზედიზედ მესამე გამარჯვებას ზეიმობს“ – წერია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე (iwf.net).

ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად მესამე აღიარების შემდეგ, პირველი კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.

ლაშა ტალახაძე: „ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, რომელთა აქტიურობამაც მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული უკვე მესამედ მომანიჭა.

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს აქტიურობისთვის, მხარდაჭერისთვის და ხმის მოცემისთვის.

რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ტიტული. 2019 წელს ალბათ განსაკუთრებით მეკუთვნოდა ეს ჯილდო, რადგან წელს დავაფიქსირე რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც აქამდე არ დაფიქსირებულა მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში. ჩემმა გულშემატკივრებმა ეს სიკეთე გვერდში დგომით გადამიხადეს. მადლობელი ვარ მათი და ძალიან მიხარია.“

მეორე ადგილზე 5,514 ხმით სომეხი სპორტსმენი სიმონ მარტიროსიანი გავიდა.

ქალებს შორის ხმათა უმრავლესობით საუკეთესო ძალოსანი ამერიკელი ქეთრინ ელიზაბეტი გახდა.

სრულად ინფორმაცია ნახეთ ბმულზე.