ლაშა ნიკოლაიშვილი - საბანკო რეგულაციები რომ არა, საზოგადოება სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდა
ლაშა ნიკოლაიშვილი - საბანკო რეგულაციები რომ არა, საზოგადოება სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდა

საბანკო რეგულაციები რომ არა, საზოგადოება სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდა, – ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საბანკო სექტორიც და მომხმარებელიც რეგულაციებს ეტაპობრივად ეწყობა, შესაბამისად, ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ მათი შერბილება საჭირო არ არის.

„რეგულაციებმა მოგვცა არაჩვეულებრივი ეფექტი, ბაზრიდან გავიდნენ კაბალური კომპანიები, რომელთაც ქვეყანა დაქცევის პირას მიიყვანეს, დაწესდა სესხების მაქსიმალური ლიმიტი და ეს მისასალმებელია. ამ მომენტისთვის ჩვენ არ ვაძლევთ სესხს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც გადახდის საშუალება არ აქვს, აგირავებს ბინას, რომ წამოიწყოს ისეთი საქმიანობა, რამაც მომავალში შეიძლება, რისკი შეუქმნას მის ქონებას. ეს პრობლემა წესისამებრ დგება და შემდეგ ჩნდება პრეტენზიები სახელმწიფოსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან – რატომ გვასახლებენ ბინიდან. აქედან გამომდინარე, თუ არ აქვთ შემოსავალი, მარტივია, სესხი არ უნდა გაიცეს. არ შეიძლება, 80 წლის პენსიონერს მხოლოდ იმიტომ მივცეთ სესხი, რომ ვაკეში აქვს ხუთ ოთახიანი ბინა“, – აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.

მისი შეფასებით, რეგულაციების შედეგად, მოსახლეობა გაცილებით დაცულია, ვიდრე იყო, რადგან ნიკოლაიშვილის განცხადებით, აქამდე ქვეყანაში არანაირი სასესხო-საპროცენტო ზღვარი არ არსებობდა.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები საფინანსო სექტორისთვის მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. საქართველოს ეროვნული ბანკის დებულებით, სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა.

5 აპრილს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენაა დაგეგმილი, რომელმაც რეგულაციების შედეგებზე უნდა ისაუბროს.

 

ავტორი: ეკა გაზდელიანი