ლაშა ჟვანია - ისრაელის რომელიმე ქალაქიდან მოქალაქეებისა და ქალაქში მყოფი ადამიანების ევაკუაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ისრაელის თავდაცვის სამინისტროს არ მიუღია
ისრაელის რომელიმე ქალაქიდან მოქალაქეებისა და ქალაქში მყოფი ადამიანების ევაკუაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ისრაელის თავდაცვის სამინისტროს არ მიუღია, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, ამ დროისთვის ისრაელის 22 მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ცხადდება ინფორმაცია.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ რაიმე ინფორმაცია საელჩოში არ არის შესული.
„ჩვენი ინფორმაციით, არც არიან ასეთები, რადგან დაუყოვნებლივ მივიღებდით ასეთ ინფორმაციას. ყველაზე დაცული ადგილი არის შენობა, რომელშიც ადამიანები იმყოფებიან. საჰაერო განგაშის შემთხვევაში უნდა ჩავიდნენ სპეციალურ თავშესაფარში, რომელიც არის საჰაერო თავდასხმის თავშესაფარი. სხვა ინსტრუქცია არის, რომ გზატკეცილებსა და შენობიდან შენობაში გადაადგილებისგან თავი შევიკავოთ“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
მისივე თქმით, ჩართულია საელჩოს ცხელი ხაზი, რომელიც გამოცხადებულია.
„ამ ტელეფონის ნომერზე სხვადასხვა კითხვით მოგვმართავენ ჩვენი მოქალაქეები, ზოგადად, ეს არის პრაქტიკული კითხვები ფრენებთან დაკავშირებით ან, დავუშვათ, თუ ვინმეს არ აქვს სამგზავრო დოკუმენტი, პასპორტი, გასამგზავრებელ დოკუმენტს ითხოვენ. ჯერჯერობით აეროპორტი არის დაკეტილი. როდესაც ისრაელი მთლიანად დარწმუნდება, რომ აეროპორტი არის უსაფრთხო და გაფრენა შეიძლება, ასეთ შემთხვევაში გაიცემა დამატებითი ინსტრუქცია. თუ აეროპორტი გაიხსნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს უსაფრთხო ზონად, სადაც შეიძლება, შედგეს რეისები საღამოსაც. ჯერჯერობით გადაწყვეტილება ისრაელის რომელიმე ქალაქიდან მოქალაქეების და ქალაქში მყოფი ადამიანების ევაკუაციასთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის სამინისტროს არ მიუღია“, – განაცხადა ჟვანიამ.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 22 და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან“.