ლაშა დარსალიამ უცხოელ დიპლომატებს ოკუპირებული ახალგორის რაიონში შექმნილი ვითარება გააცნო
ლაშა დარსალიამ უცხოელ დიპლომატებს ოკუპირებული ახალგორის რაიონში შექმნილი ვითარება გააცნო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ევროკავშირის, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის დახურვის შედეგად, ოკუპირებული ახალგორის რაიონში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი წარმოადგენდა.

აღინიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო და პროვოკაციული ქმედებების შედეგია სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტი, რადგან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მას საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების დაუყოვნებლივ აღდგენის აუცილებლობას.

„განიხილეს რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებული უკანონო და პროვოკაციული ქმედებები, რაც იწვევს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ისედაც მძიმე მდგომარეობის უკიდურეს გაუარესებას, მიზნად ისახავს ვითარების ესკალაციას და საქართველოზე ზეწოლას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯების შეწყვეტის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული საკითხების უპირობო გადაწყვეტისთვის კონსტრუქციული ჩართულობის აუცილებლობას.

თავის მხრივ, უცხოელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერა. აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის და ქმედითი ნაბიჯების მნიშვნელობა არსებულ გამოწვევებთან გამკლავების, ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში პროგრესის მიზნით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.