ლაშა დარსალია - დელიმიტაციის კომისია იხელმძღვანელებს იმ მასალებით, რომლებიც არის იურიდიულად დასაბუთებული და გაამყარებს ჩვენს პოზიციებს
მოლაპარაკებათა ნებისმიერ პროცესზე მოლაპარაკების ნებისმიერ მხარეს არავინ ზღუდავს, წარმოადგინოს ის დოკუმენტი, რომელიც მისთვის ხელსაყრელია, აზერბაიჯანული, ისევე როგორც ქართული მხარე მოლაპარაკებათა პროცესზე, სხვადასხვა დროს ყოველთვის აყენებდა, თუ რამე დამატებითი მასალები გამოჩდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც: „მოლაპარაკებებში 1:200 000-იანი რუკის, როგორც ახალი დოკუმენტის შეტანა, აზერბაიჯანის მხარესაც მისცემს თუ არა საშუალებას, საზღვრის დადგენის პროცესში მისთვის უფრო ხელსაყრელი დოკუმენტების შემოტანა მოითხოვოს, იქნება თუ არა ეს ამ პროცესის კიდევ უფრო გამართულებელი ფაქტორი“.
დარსალიას განმარტებით, თუ აზერბაიჯანული მხარე ჩათვლის, რომ მას აქვს დამატებითი მასალები და ექნება სურვილი, განხილული იყოს ქართული მხარის მიერ, ქართული მხარე კომისიის ფარგლებში ნებისმიერ მასალას განიხილავს.
„მოლაპარაკებათა ნებისმიერ პროცესზე ნებისმიერ მხარეს არავინ ზღუდავს, წარმოადგინოს ის დოკუმენტი, რომელიც მისთვის ხელსაყრელია. აზერბაიჯანული, ისევე როგორც ქართული მხარე მოლაპარაკებათა მთელი პროცესის განმავლობაში, სხვადასხვა დროს ყოველთვის აყენებდა, თუ რამე დამატებითი მასალები გამოჩდებოდა. დამატებითი მასალების არგამოჩენა უფრო ბადებს კითხვებს – რატომ არ უნდა გამოაჩინო, თუ ის არის ხელსაყრელი, ვიდრე გამოჩენა. შესაბამისად, თუ აზერბაიჯანულ მხარეს თვითონაც ექნება რამე დამატებითი მასალები, ალბათ მოხდება ქართული მხარისთვის გადმოცემა და მისი შესწავალა. თუმცა, კითხვის კონტექსტს ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს შეზღუდული რომელიმე მხარე, თუ არსებობს რამე მასალები, რომელიც მისთვის ხელსაყრელია. თუ აზერბაიჯანული მხარე ჩათვლის, რომ მას აქვს რამე დამატებითი მასალები, რომელიც სურს, ქართულმა მხარემ განიხილოს, ქართული მხარე კომისიის ფარგლებში სიამოვნებით დაჯდება და ნებისმიერ მასალას განიხილავს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
კითხვაზე, იგივე რუკა თუ დაამუშავეთ სომხეთთან მიმართებაში, დარსალია პასუხობს, რომ სომხეთთან უშუალო მოლაპარაკებების პროცესი გარკვეული პერიოდია, არ განახლებულა.
„სომხეთთან უშუალოდ მოლაპარაკებთა პროცესი გარკვეული პერიოდია, არ არის განახლებული, მოთხოვნილია კომისიების შეხვედრა“, – განაცხადა დარსალიამ.
რაც შეეხება კითხვას, „სომხეთთან მიმართებაში საქართველოს საზღვრისთვის ეს რუკა სასარგებლოა? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ რუკის გამოყენების შემთხვევაში, საქართველო 700 ჰექტარს კარგავს“, ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველო არაფერს კარგავს და დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია იხელმძღვანელებს იმ მასალებით, რომლებიც არის იურიდიულად დასაბუთებული და საქართველოს პოზიციებს გაამყარებს.
„მომავალში ჩვენი სტრატეგიის დეტალებზე საჯაროდ ნაკლებად ვისაუბრებდი. თქვენთვის არასწორად არის ცნობილი. არაფერს არ კარგავს საქართველო, მათ შორის არც ამ რუკით. საქართველო არ აპირებს იმის დაკარგვას, რაც არის საქართველოს ტერიტორია. კომისია ხელმძღვანელობს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებით, შესაბამისად, იხელმძღვანელებს იმ მასალებით, რომელიც არის მართალი, იურიდიულად დასაბუთებული და რომელიც გაამყარებს საქართველოს პოზიციებს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.