ლაშა დარსალია „კოვიდ-19“-ზე ციფრული რეაგირებისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია სიტყვით წარსდგა ესტონეთისა და სინგაპურის მიერ ორგანიზებულ მინისტრთა დონის კონფერენციაზე „ციფრული რეაგირება COVID-19-ზე“ (Digital Response to COVID-19). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, ღონისძიება ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა.
უწყების ცნობით, ღონისძიებაზე ხაზი გაესვა COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად ინოვაციური ციფრული ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობას. დეტალურად იქნა განხილული ციფრული ინსტრუმენტების დადებითი და უარყოფითი მხარეების ზეგავლენა. კონფერენციის ფარგლებში მოხდა ქვეყნების მიერ აღნიშნულ სფეროში წარმატებული გამოცდილების გაზიარება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თავის გამოსვლაში მიესალმა გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ გამოქვეყნებულ გზამკვლევს ციფრულ თანამშრომლობაზე – Roadmap for Digital Cooperation, რომელიც მოუწოდებს ქვეყნებს, უზრუნველყონ ციფრულ სამყაროში ადამიანების „დაკავშირება, პატივისცემა და დაცვა“.
გამოსვლისას ხაზი გაესვა უსაფრთხო ციფრული გარემოს მნიშვნელობას, რომელშიც ადამიანის უფლებები დაცულია. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, სამედიცინო მომსახურების ობიექტებსა და ორგანიზაციებზე განხორციელებულ მასშტაბურ კიბერშეტევებზე.
ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ გასულ წლებში საქართველოც გახდა კიბერთავდასხმების მსხვერპლი. მათ შორის გამოყო, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომისას და 2019 წლის ოქტომბერში, რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული კარგად დაგეგმილი, მასირებული და ფართომასშტაბიანი კიბერშეტევები, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობისა და სამთავრობო სტრუქტურებისათვის ზიანის მიყენებას, სხვადასხვა ორგანიზაციების პარალიზების გზით.
ღონისძიების ფარგლებში, ქართულმა მხარემ ისაუბრა COVID-19-ით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, საქართველოს მიერ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით განხორციელებულ ქმედებებზე, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით გატარებულ წარმატებულ ღონისძიებებზე. აღინიშნა ინოვაციური აპლიკაციის “STOP COVID”-ის შექმნა, რომლის მიზანი COVID-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენციაა. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსთვის ელექტრონული მმართველობის მნიშვნელობას, რომელიც პანდემიის პირობებში უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის საჯარო სერვისების მიწოდებასა და საჯარო დაწესებულებების შეუფერხებლად მუშაობას.
ღონისძიებაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია – Close the Digital Divides: the Digital Response to COVID-19, რომლის თანაავტორი სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც გახდა.
ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, 50-მდე მინისტრი და მინისტრის მოადგილე.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.