ლაშა დარსალია - დაკავებულ იოსებ დვალიშვილის შესახებ უკვე ვაცნობეთ ჟენევის თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს პარტნიორებს
სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრ იოსებ დვალიშვილის შესახებ უკვე ვაცნობეთ ჟენევის თანათავმჯდომარეებს და ჩვენ პარტნიორებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
„გუშინ, გვიან ღამით, დაახლოებით 02:00 საათისთვის იყო გატაცებული იოსებ დვალიშვილი. შესაბამისი სამსახურები რეაგირებენ აღნიშნულ საკითხზე.
პირადად მე, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს ვაცნობე დამატებითი ინფორმაცია, ასევე ჩვენს პარტნიორებსაც მივაწოდე ინფორმაცია, რათა მოხდეს დაუყოვნებლივ რეაგირება.
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ჩვენ ფაქტობრივად ყოველდღიურ და მუდმივ კონტაქტში ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში დაძაბულობის ესკალაცია და ინციდენტები ხდება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი იოსებ დვალიშვილი დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს ასევე 17 აგვისტოს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.