ლაშა დამენია აცხადებს, რომ აქციებთან დაკავშირებით დღეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება
ლაშა დამენია აცხადებს, რომ აქციებთან დაკავშირებით დღეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია ფიქრობს, რომ ხელისუფლება იძულებული იქნება, წავიდეს მოლაპარაკებებზე, რათა დაძლეული იყოს ის პრობლემები, რომლებიც დღეს ქვეყანაშია.

რაც შეეხება აქციებს, ამ საკითხზე საუბრისას დამენიამ აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება, თუმცა ეს კანონის ფარგლებში წარიმართება.

ამასთან, დამენიას ინფორმაციით, აქციებთან დაკავშირებით დღეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.

„მოლაპარაკებების სტადია გადავიდა მედიაციის სტადიაში, პრეზიდენტ მიშელის ჩარევის შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება, რადგან ორ კვირაში ასოცირების ხელშეკრულებაზე პრემიერ-მინისტრი ჩადის ევროპაში. ალბათ იქ ექნება სათქმელი, რა ნაბიჯები გადაიდგა ამ მოლაპარაკებების სასარგებლო. თუმცა ეს შეცვლილი რიტორიკა ჯერჯერობით არაფერს ნიშნავს, რადგან გვინახავს „ქართული ოცნების“ მიერ დათქმული წითელი ხაზები და შემდეგ უკვე შეცვლილი პოზიციები. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი საქართველოში არსებული ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად. ამიტომ, მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იძულებული იქნება, წავიდეს მოლაპარაკებებზე, რათა დაძლეული იყოს ის პრობლემები, რომლებიც დღეს ასე ღრმად არის საქართველოს სინამდვილეში.

„ოცნების“ სიტყვები არაფერს ნიშნავს, რადგან ეს არაერთგზის განუხორციელებიათ. ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იძულებული გახდება, წავიდეს იმ ნაბიჯებზე, რასაც ჰქვია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რა დროს ჩატარდება, იქნება თუ არა პლებისციტი, მანამდე როგორი ფორმით იქნება ეს შეთანხმება, ეგ მოლაპარაკების საკითხია. ეს საკითხი დაიძვრება, რადგან ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რას ნიშნავს ევროსაბჭოს პრეზიდენტის, მიშელის ჩარევა ამ საკითხებში და მისი პიროვნული შეთავაზება როგორც მედიატორის. ეს იქნება ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი მოლაპარაკებების პროცესში.

საპროტესტო აქციები გაგრძელდება. დღესაც შეხვედრაა ჩანიშნული ოპოზიციის პარტიებს შორის, რათა მონახული იქნას ის ფორმები, რითაც, რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი იყოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა არ მივცეთ საბაბი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ გუშინდელი რიტორიკა, კვლავ იქნას განმეორებული. იქნება ყველა ის ზომა მიღებული, რომელიც კონსტიტუციის ფარგლებში პროტესტის ზომები არ შენელდეს, გამრავალფეროვნდეს და გამრავალრიცხოვნდეს. ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ლაშა დამენიამ.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, დამენიამ აღნიშნა, რომ ოპოზიცია გაცილებით უკეთ ხვდება, თუ რას ნიშნავს ევროსაბჭოს პრეზიდენტის მედიატორობა მოლაპარაკებებში.

„თავის მხრივ, როდესაც სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას არც კი ესწრებოდა და არც კი უმასპინძლა, თავისთავად მეტყველებს, რომ ეს სიტყვები არც გადამწყვეტია და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას არც არაფრად აგდებს. ოპოზიცია კი ნამდვილად სწორად ხვდება, თუ რამხელა იყო და რას ნიშნავს ევროსაბჭოს პრეზიდენტის მედიაციის განხორიციელება ამ მოლაპარაკებებში. ხელისუფლება კი იძულებული გახდება, ამ მოლაპარაკებების შედეგად მიიღოს ის გადამწყვეტი ნაბიჯები, რასაც ჰქვია რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა ლაშა დამენიამ.