სალომე ზურაბიშვილი - ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს
სალომე ზურაბიშვილი - ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პროცესში მისი აქტიური ჩართულობისთვის და მიესალმება პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების კონსტრუქციულ მონაწილეობას.

მისივე თქმით, ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის კრიზისის განმუხტვაში ჩართვით, აჩვენა, რომ „ევროპა არათუ გასულია ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით – საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ევროპისთვის“.

თუმცა, ზურაბიშვილის შეფასებით, გუშინ, ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესები კარგად არ არის გააზრებული.

„გუშინ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და დაიწყო პროცესი, რომელიც დღის ბოლოს ორბელიანების სასახლეში დაგვირგვინდა.

მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მისი აქტიური ჩართულობისთვის და მივესალმო პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების კონსტრუქციულ მონაწილეობას. თუმცა, რაც მოხდა გუშინ, ორბელიანების სასახლეში, კარგად გააზრებული არ არის.

ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისში და მის განმუხტვაში ჩართვით, გვაჩვენა, რომ ევროპა არათუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით – საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ევროპისთვის.

ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ – სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული პიკეტირებით თუ ახალი დაკავებებით.

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელდა.