ლაშა ჩხარტიშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 8 იანვრამდე გადაიდო
ლაშა ჩხარტიშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 8 იანვრამდე გადაიდო

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 8 იანვრამდე გადაიდო.

დღეს გამართულ პროცესზე ჩხარტიშვილის ადვოკატმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა, მან მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვა პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერის სახით. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჩანაწერის წარდგენა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა.

„თავიდან მოსამართლემ მოგვცა საათ-ნახევარი მტკიცებულებების წარმოსადგენად, რა თქმა უნდა, ამ დროში  ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით. არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა აღნიშნული მასალები, აქედან გამომდინარე, მოსამართლემ გადადო სხდომა, რომ მტკიცებულებები მოვიპოვოთ, სამხრე კამერები, სადაც გამოჩნდება მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილის მხრიდან ლაშა ჩხარტიშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება. რეალურად რატომ დააკავეს უნდა გამოჩნდეს სამხრე კამერების ჩანაწერში, რომელიც სავარაუდოდ განზრახ არ წარმოადგინა შსს-მ დღევანდელ სხდომაზე, წარმოადგინა მხოლოდ სატელევიზიო მასალა, წინა პროცესზეც იგივე გააკეთეს. არაფერი ჩანს ამ ჩანაწერზე, არც შეურაცხყოფა, ჩანს უბრალოდ დაკავება. ასევე სატელევიზიო მასალაში მე ვნახე, სადაც ლაშას პირდაპირ სახეში ურტყამს პოლიციელი, რაც დაკავებას წინ უძღოდა. ეს არის ვინმე გოგა მემანიშვილის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება ლაშა ჩხარტიშვილის მიმართ. ედავებიან თითქოს, შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს“, – განაცხადა ადვოკატმა ია სირანაშვილმა.

თავად ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული წესით მის დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

„დღეს სოლიდარობის აქციაზე დამაკავეს. ჩემთვის ერთ თვეში ეს მეორე დაკავება იყო. აშკარაა, ჩემს მიმართ ორმაგი ინტერესი და პოლიტიკური დევნის გამოხატულება, ჯამში მეცამეტე პატიმრობა, მაგრამ მინდა, ვუთხრა კალაძეს და ივანიშვილს, ხვალ მერიასთან აუცილებლად გაიმართება აქცია, რომელზეც მხარს დავუჭერთ გარე მოვაჭრეებსაც და მალხაზ მაჩალიკაშვილსაც, ხაზს გავუსვამთ, რომ არც ერთ რეჟიმს არ უკადრებია ასეთი სამარცხვინო პრეცედენტი, როცა ადამიანებს აყენებენ არჩევანის წინაშე, ან საკუთარი შვილები აშიმშილონ, ან სხვისი შვილის მკვლელის დასჯის წინააღმდეგ აქციას შეუშალონ ხელი. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად რეჟიმის დამარცხებით დასრულდება. ამ დაკავების კიდევ ერთი მოტივაცია იყო პოლიტდევნილთა კომისია, რომლის სხდომაც უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს და იმედი მაქვს, მოვასწრებთ“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დღეს „შეცვალეს“ წევრებს, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრ ლაშა ჩხარტიშვილსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ არსებულ ატრაქციონთან მიახლოებას და იქ 20 ივნისის აქციის ამსახველი ფოტოების დადებას აპირებდნენ, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რასაც მცირედი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს პოლიციამ ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.