ლაშა ჭაღიაშვილი - „ლოკომოტივი 2“-ის წარმატება შემთხვევით არ მოსულა, ელიგის სამი გუნდი დავამარცხეთ #1TVSPORT
ლაშა ჭაღიაშვილი - „ლოკომოტივი 2“-ის წარმატება შემთხვევით არ მოსულა, ელიგის სამი გუნდი დავამარცხეთ #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივი 2“-ის მთავარმა მწვრთნელმა პირველ არხთან ინტერვიუში „საბურთალოსთან“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური მატჩი შეაფასა.

ამ სენსაციურ შეხვედრაში ლიგა 4-ის გუნდმა ფრედ დასრულებული (0:0) მატჩის შემდეგ, მეტოქე პენალტების სერიაში 7:6 დაამარცხა და ფინალში ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

თბილისის „ლოკომოტივი 2“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი „ფარმ-გუნდია“, ხოლო ევროპული ფეხბურთის ისტორიაში მესამე, რომელიც თასის ფინალში ითამაშებს.

„ძალიან რთული მატჩი გვქონდა – „საბურთალო“ შესაძლოა, ახლა ეროვნული ლიგის ლიდერებში არ არის, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია, ამავე დროს, სწრაფი, ტექნიკური და მობილური მოწინაღმდეგეა. ამ სირთულეებს წავაწყდით, მაგრამ კონცენტრაცია და თავდადება დავუპირისპირეთ და ჩვენმა გუნდმა ამოცანას თავი გაართვა. ორივე ტაიმი უშეღავათო ბრძოლა იყო. ნახევარმომენტები ჰქონდა „საბურთალოსაც“ და ჩვენც. მეორე ნახევარში იყო ეპიზოდები, სადაც შეგვეძლო გაგვეტანა. უპირატესობას „საბურთალო“ ფლობდა, რაც მოულოდნელი არ გახლდათ, მაგრამ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ასევე კონცენტრაცია გამოვალინეთ, მეკარე კოპალიანით დაწყებული, ყველა მოთამაშით დასრულებული. საბოლოოდ, მატჩი მოგვიგეთ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის მოთამაშეების მიმართ, რომლებმაც ამ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს.

იწერება, რომ ეს სენაცია იყო. რა თქმა უნდა, სენსაციაა, ეს თავდაუზოგავი შრომის მონდომების და პასუხისმგებლობის შედეგია. ეს შემთხვევით არ მოდის და არ იყო ერთი შემთხვევითი მოგება. მარათონული ბრძოლა იყო, რომელიც დაიწყო „სპაერთან“ მოგებით და „საბურთალომდე“ ექვსი გუნდი დავამარცხეთ, მათ შორის – სამი ეროვნული ლიგის წარმომადგენელი. ასეთი რამ კი შემთხვევით არ ხდება.ახლა ფინალში ვართ და მთავარია, კარგად და პასუხისმგებლობით მოვემზადოთ ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩისთვის, რომელშიც ძირითადი გუნდიდან მხოლოდ ორი ფეხბურთელის დამატების უფლება გვექნება. ეს დებულებითაა განსაზღვრული. დანარჩენს მატჩი გვაჩვენებს“, – ამბობს ლაშა ჭაღიაშვილი.