საქართველოს თასის ფინალი 6 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება #1TVSPORT
საქართველოს თასის ფინალი 6 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციამ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ფინალის თარიღი დაასახელა, რომელშიც ერთმანეთს „საბურთალო“ და ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდებიან.

ტურნირის გამარჯვებული 6 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამოვლინდება, მატჩის დაწყების დრო ჯერ უცნობია.

საქართველოს თასის ნახევარფინალური შეხვედრები 7 ნოემბერს ჩატარდა. „საბურთალომ“ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალი“ 2:1 დაამარცხა და ტიტულისთვის მესამედ იბრძოლებს. გუნდი ფინალში 2019 და 2021 წლებში გავიდა და ორივეჯერ გამარჯვებული გახდა.

ბათუმის „დინამო“ ფოთის „ფაზისის“ სტადიონზე „კოლხეთი 1913“-ს ესტუმრა და 3:1 გაიმარჯვა. გუნდი ფინალში მეექვსედ გავიდა (ფინალისტი: 1993, 1995, 1996, 1997, 1998), მაგრამ ჯილდო მხოლოდ 1998 წელს მოიპოვა. ბათუმელები ტიტულის დაუფლებას 25-წლიანი პაუზის შემდეგ შეეცდებიან.