ირაკლი სიხარულიძე - ძალიან მიხარია, რომ „საბურთალომ“ ევროტურნირებზე გასვლის ერთადერთი შანსი გამოიყენა #1TVSPORT
ირაკლი სიხარულიძე - ძალიან მიხარია, რომ „საბურთალომ“ ევროტურნირებზე გასვლის ერთადერთი შანსი გამოიყენა #1TVSPORT

ირაკლი სიხარულიძემ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს თასის ფინალში, სადაც „საბურთალომ“ ეროვნული ლიგის გამარჯვებული ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა და ტიტულს მესამედ დაეუფლა.

„მიხეილ მესხზე“ გამართული შეხვედრის ბედი 90+2-ე წუთზე გადაწყდა. „საბურთალოს“ თავდამსხმელმა, ირაკლი სიხარულიძემ მოედანზე შესვლიდან ზუსტად ერთ წუთში გაიტანა და გუნდს კონფერენსლიგის საგზური მოუტანა.

„ურთულესი თამაში გამოვიდა და ძალიან მიხარია, რომ საქართველოს თასის ბედი ჩემმა გოლმა გადაწყვიტა. ეს მოგება „საბურთალოს“ ძალიან სჭირდებოდა. ამ ტიტულის მოპოვება იყო ევროტურნირებზე გასვლის ერთადერთი შანსი.

ტიტულზე არანაკლებ ის მახარებს, რომ დავამარცხეთ ბათუმის „დინამო“, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ დამსახურებული ჩემპიონობა იზეიმა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ირაკლი სიხარულიძემ.

33 წლის თავდამსხმელმა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული და ორჯერ ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა, ფინალში მესამედ ითამაშა და ტიტული პირველად მოიპოვა, წინა ორი მცდელობა მისთვის წარუმატებელი იყო.

სიხარულიძე საქართველოს თასის ფინალში პირველად 13 წლის წინ, 2010 წელს „ვიტ ჯორჯიასთან“ ერთად გავიდა. თასის ფინალში წარმატებას ვერც თბილისის „ლოკომოტივში“ მიაღწია 2019 წელს.