დიდი სენსაცია საქართველოს თასზე - ფინალში მეოთხე ლიგის „ლოკომოტივი 2“ გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივი 2“ პირველი გუნდია ლიგა 4-დან, რომელიც დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ფინალში ითამაშებს – თბილისელებმა „საბურთალოსთან“ დამატებული დროის ჩათვლით იბრძოლეს, პენალტების სერია კი უკეთ შეასრულეს და ტიტულის მოპოვების შანსი მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ „ლოკომოტივი 2“-ს მთავარ გუნდზე უფრო წარმატებული სეზონი ჰქონდა. მთავარი „ლოკომოტივი“ ეროვნული ლიგიდან გავარდა და თასის გათამაშებასაც ნაადრევად დაემშვიდობა, „ლოკომოტივი 2“-მა კი ფინალამდე მიაღწია.

მატჩი საგურამოს „ლოკო არენაზე“ გაიმართა. ლაშა ჭაღიაშვილმა მთავარი გუნდიდან რამდენიმე მოთამაშე დაიმატა, „საბურთალომ“ კი შემადგენლობიდან რამდენიმე ლიდერი დაასვენა. მაგრამ ლიგა 4-ის გუნდმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

„საბურთალო“ ლიგა 4-ის ერთ-ერთ ლიდერთან დაპირისპირებაში 54-ე წუთზე რთულ ვითარებაში ჩავარდა. მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა სტუმართა ცენტრალური მცველი ჯგერენაია, რომელმაც წითელი ბარათი ბოლო იმედის ჯარიმისთვის მიიღო.

უგოლო ძირითადი დროის შემდეგ, დაინიშნა დამატებითი ტაიმები, რომელიც ასევე უგოლოდ დასრულდა და საქართველოს თასის ფინალისტი თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა. რომელიც უკეთ „ლოკომოტივი 2“-მა შეასრულა 7:6.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში „ლოკომოტივი 2“ დაუპირისპირდება ქუთაისის „ტორპედოს“, რომელმაც ნახევარფინალში პრინციპული მეტოქე „დინამო თბილისი“ 2:0 დაამარცხა და ტიტულისთვის 4-წლიანი პაუზის შემდეგ იბრძოლებს. ფინალურ მატჩს ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს.