„ტორპედომ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა და თასის პირველი ფინალისტია [ვიდეო] #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი ფინალისტი ქუთაისის „ტორპედოა“ – კახა ჩხეტიანის გუნდმა პრინციპული მეტოქე „დინამო თბილისი“ 2:0 დაამარცხა და 4-წლიანი პაუზის შემდეგ ფინალში კვლავ იბრძოლებს.

ამ ნახევარფინალურ მატჩზე, რომელიც ზესტაფონში გაიმართა ვიდეორეფერი მუშაობდა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, ანგარიში კი მეორე ტაიმში ქუთაისელთა ლეგიონერმა პედრო მონტეირომ 53-ე წუთზე გახსნა, რომელმაც „დინამოს“ კარი ახლოდან დარტყმით აიღო.

73-ე წუთზე ქუთაისელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და დასარტყმელ პოზიციაზე „ტორპედოს“ პარაგვაელი ლეგიონერი მაურო კაბალიერო დარჩა, რომელმაც ეფექტური გოლი გაიტანა 2:0.

საბოლოოდ ქუთაისელებმა 2:0 მოიგეს და თასის ფინალში გავიდნენ. „ტორპედო“ საქართველოს თასის 4-გზის გამარჯვებულია – გუნდმა თასი 1998-1999, 2000-2001, 2016 და 2018 წლებში მოიპოვა. ბოლო ორი ტიტული კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით მოიგო და ახლა ტიტულისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლებს.