გიორგი მიქაძე - ფინალში ღირსეულად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ #1TVSPORT
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს თასის ფინალში ბათუმის „დინამოსთან“ გამარჯვებაზე, რომელმაც კლუბს კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოუტანა.
„ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია და ძალიან მიხარია. სიმბოლურია, რომ კარიერაში პირველი ტიტული მოვიპოვე „საბურთალოსთან“ ერთად. ეს არის კლუბი, სადაც სამწვრთნელო კარიერა დავიწყე. მადლობა ხელმძღვანელებს, მათ შანსი მომცეს და, როგორც შევძელი, დავუფასე.
ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი წარმატება გაუხარდა. ვულოცავ „საბურთალოს“ ფეხბურთელებს და კლუბს, რადგან ფინალში ძალიან ღირსეულად ვითამაშეთ. ბევრი მომენტი შევქმენით და მიმაჩნია, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
„საბურთალოს“ გულშემატკივრებს კი ვეტყვი, რომ შემდეგი წლიდან უფრო სტაბილური და უკეთესი გუნდი გვეყოლება. გაძლიერებაზე ვფიქრობთ და შევეცდებით, შემადგენლობა კარგად დავაბალანსოთ. მიზანი ისაა, რომ ევროთასებისთვის მზად ვიყოთ და ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ“, – ამბობს გიორგი მიქაძე.