„საბურთალო“ საქართველოს თასის მფლობელია – გიორგი მიქაძის გუნდმა ფინალურ დაპირისპირებაში ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა და ტიტულს მესამედ დაეუფლა.
„მიხეილ მესხზე“ გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში „საბურთალომ“ რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ ვერ ისარგებლა – 25-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შეიკნე სილამ ბურთი კარს ააცილა. დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ოთო მამაგეიშვილმაც არაზუსტად დაარტყა, ასევე უშედეგო გამოდგა შოთა ნონიკაშვილის შორეული გასროლაც. ბათუმელებიდან 45-ე წუთზე პაატა ღუდუშაურს შეეძლო გატანა, მაგრამ მისი შესრულებული ჯარიმის შემდეგ ბურთი თბილისელთა კარის ძელს მოხვდა.
მეორე ტაიმი ბათუმელებმა აქტიურად დაიწყეს, ზეწოლა გააძლიერეს და უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ორი კარგი მომენტი კონტრშეტევაზე „საბურთალომ“ შექმნა. 67-ე წუთზე ლევან ხარაბაძის გადაცემით „საბურთალოს“ კარის წინ პაატა ღუდუშაური დარჩა, მაგრამ მეკარემ ლაზარე კუპატაძემ თბილისელები გადაარჩინა. 78-ე წუთზე კი რეალური შანსით „საბურთალოს“ თავდამსხმელმა, შეიკნე სილამ ვერ ისარგებლა.
შეხვედრის ბედი შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ 90+2-ე წუთზე პირველივე შეხებით გადაწყვიტა – საჯარიმოს შესრულების შემდეგ „საბურთალოს“ გამოცდილი თავდამსხმელი კარის წინ გაიხსნა და გუნდს გამარჯვება და მესამე ტიტული მოუპოვა – 1:0.