ლაოსში ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
ლაოსში ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
ვან იმ და სერგეი ლავროვმა ორმხრივი მოლაპარაკებები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის, ASEAN-ის მინისტერიალის ფარგლებში გამართეს.
ჩინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, როგორც ლავროვთან შეხვედრისას ვან იმ განაცხადა, არასტაბილური საერთაშორისო ვითარებისა და საგარეო ჩარევისა და წინააღმდეგობის ფონზე ჩინეთი მზად არის, იმუშაოს რუსეთთან ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ერთმანეთის ძირითადი ინტერესების დასაცავად.
ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჩინეთმა და რუსეთმა უნდა შეინარჩუნონ კომუნიკაცია და კოორდინაცია აღმოსავლეთ აზიაში თანამშრომლობის საკითხზე, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.
თავის მხრივ, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „რუსეთი იმუშავებს ჩინეთთან ASEAN-ის ცენტრალური როლის მხარდასაჭერად და უცხოური ძალების მხრიდან საბოტაჟისა და ჩარევის თავიდან ასაცილებლად“.
ამასთან, ჩინეთის, რუსეთისა და ლაოსის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის დროს ვან იმ თქვა, რომ მსოფლიო არასტაბილურობისა და ცვლილებების ახალ პერიოდში შედის. მისი განცხადებით, საერთაშორისო სისტემა განიცდის ძირეულ ცვლილებებს, ეკონომიკური აღდგენის პროცესი კი რთულად მიმდინარეობს.