ლანჩხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელობურთი მიმდინარეობს. ლელობურთი სოფელ შუხუთის ცენტრში ტარდება, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთლები ეჯიბრებიან.
შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მამა საბა ჟღენტის თქმით, ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა.
„წელს ბურთი არის 16 კილოგრამ-ნახევარი. უფრო მეტი შეიძლებოდა, ნაკლები არა. მოგეხსენებათ ამ თამაშს, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. მთელ საქართველოში თამაშობდნენ თავის დროზე მაგრამ, შეწყდა ყველგან და მხოლოდ ამ პატარა სოფელში შუხუთში შემორჩა. ადგილობრივები ინახავენ და უფრთხილდებიან. ეს თამაში არის ქართველი კაცის ვაჟკაცური სულის გამოვლინება. ეს ვაჟკაცების თამაშია, აბა, ჩვეულებრივი ადამიანი ნამდვილად ვერ ითამაშებს. ნამდვილი მამაკაცი უნდა იყოს. მადლობა უფალს, რომ არიან ასეთი მამაკაცები, რომლებიც ამას აკეთებენ. პანდემიის გამო, ორი წელიწადი არ გვითამაშია, უარი ვთქვით, რაც არასოდეს მომხდარა, ომის დროსაც ვთამაშობდით, ასე რომ პანდემია უკვე გადავიდა და წელსაც რომ ყოფილიყო საშიშროება, ალბათ წელსაც გავჩერდებოდით“, – განაცხადა მამა საბა ჟღენტმა.