ლანჩხუთის სოფელ შუხუთში ლელობურთი ქვემო შუხუთის წარმომადგენლების გამარჯვებით დასრულდა. ლელობურთი ტრადიციულად სოფელ შუხუთის ცენტრში ტარდება, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები ეჯიბრებიან.
შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მამა საბა ჟღენტის თქმით, ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა.
ლელობურთი სოფელ შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ყოველ წელს იმართება.