ლანჩხუთის თეატრმა „დარისპანის გასაჭირი“ ღია ცის ქვეშ წარმოადგინა
ლანჩხუთის თეატრმა „დარისპანის გასაჭირი“ ღია ცის ქვეშ წარმოადგინა

ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრმა დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გამართა. წარმოდგენა ღია ცის ქვეშ, ლანჩხუთის ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში, გურული ოდის ფონზე, ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართა.

დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ XIX საუკუნეში რთულ ვითარებაში მყოფი აზნაურის მდგომარეობას ასახავს. სპექტაკლის რეჟისორი ოთარ ქათამაძეა.

„ძალიან მოკლე დროში დაიდგა სპექტაკლი. სწორი გუნდი შეიკრიბა, მთელი სამსახური მუშაობდა, რათა ეს სპექტაკლი გამოსულიყო ისეთი, როგორიც გამოვიდა. მე ვარ კმაყოფილი. ჩემთვის ეს პირველი სპექტაკლია ლანჩხუთში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორ მიიღებდა მას მაყურებელი. სპექტაკლი შედგა“, – განაცხადა რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ.

სპექტაკლის პრემიერას მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

სპექტაკლის მიმდინარეობისას დაცული იყო პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.