ლანჩხუთის მერი აცხადებს, რომ სტიქიის ზონიდან 50-მდე ოჯახია გამოყვანილი და ახლა მაშველებს სოფელ ხორეთიდან ხუთი ადამიანი გამოჰყავთ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან 50-მდე ოჯახია გამოყვანილი და ახლა სოფელ ხორეთიდან სამაშველო ბრიგადას ხუთი ადამიანი გადმოჰყავს.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით, სტიქიის ზონიდან დაახლოებით 50-მდე ოჯახი გამოვიყვანეთ. მოქალაქეების განსაკუთრებით დიდი ჩამოდინება იყო ჩოჩხათის თემიდან. ტექნიკა მიდის ყველა ლოკაციაზე, რათა ამ ორ დღეში მაქსიმალურად ვცადოთ ყველა იმ ლოკაციის გაწმენდა, რომელსაც მხოლოდ გაწმენდა სჭირდება. ძალიან ბევრია ისეთი ადგილი, რომელიც დამეწყრილია და წაღბულია მიწა. მთავარია, პირველ რიგში, გავწმინდოთ“, – განაცხდა ალექსანდრე სარიშვილმა.
ლანჩხუთის მერის თქმით, სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს.
„იმ ადამიანებს, რომლებიც დარჩენილი არიან უბნებზე, არსებობს ცხელი ხაზი და უნდა მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუკი ვინმეს პრობლემა შეექმნება. მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ხორეთში ცუდი ვითარება იყო, ამ დროისთვის, მდინარეში წყლის დონე უკვე დაკლებულია. ყველა სოფელში მუშაობენ მერის წარმომადგენლები და აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
ლანჩხუთის სოფელ სუფსაში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან, რომელსაც სპეციალურად შექმნილი შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია დაადგენს.
გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ძლიერმა წვიმამ რამდენიმე სოფელში სახლების პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები დატბორა.