„ლანცეტის“ დირექტორის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოიტანოს
საქალაქო სასამართლოში კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის, ფარმან ჯეირანლის საქმეზე პროცესი დღეს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით განახლდება.
პროცედურულად, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს ბრალდებულმა ფარმან ჯეირანლიმ. თუკი დღევანდელ სხდომაზე დაცვა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას დაასრულებს, შესაძლოა, საქმის განხილვა დასრულდეს, მოსამართლე სათათბიროდ გავიდეს და განაჩენი დღესვე გამოიტანოს.
ბრალდებულის ადვოკატს, გელა ნიკოლაიშვილს იმედი აქვს, რომ სასამართლო „ლანცეტის“ დირექტორს გაამართლებს.
„შევაჯამებთ იმ ყველა მტკიცებულებას, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლოში. ყველა ეს მტკიცებულება ერთობლიობაში იძლევა იმის თქმის საფუძველს და იმის დადასტურების საფუძველს, რომ ფარმან ჯეირანლის არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ განაჩენი იქნება გამამართლებელი“, – განაცხადა პირველ არხთან გელა ნიკოლაიშვილმა.
ფარმან ჯეირანლის პაციენტებისთვის დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას და სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებიან.
ბრალდებული 2017 წლის 22 მაისს დააკავეს. „ლანცეტის“ დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სასამართლო სხდომა დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.