„ლანცეტის“ დირექტორი - 50 დაკითხული მოწმიდან, ჩემი სახელი არც ერთ მათგანს არ უხსენებია
„ლანცეტის“ დირექტორი - 50 დაკითხული მოწმიდან, ჩემი სახელი არც ერთ მათგანს არ უხსენებია

თბილისის საქალაქო სასამართლოში კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი, ფარმან ჯეირანლი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.

როგორც ფარმან ჯეირანლიმ განაცხადა, დაკითხული 50 მოწმიდან, მისი სახელი არავის უხსენებია, ამასთან, აღნიშნა, რომ საინფორმაციო საშუალებებში ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ ოპერაცია არალიცენზირებულმა ექიმმა ჩაატარა.

„50 მოწმე დაიკითხა დაახლოებით პროცესზე, არც ერთ მათგანს არ ვუხსენებივარ. პროკურორი დარჩა შიშველი, არც ერთი მტკიცებულება არ არის ჩემი ბრალეულობის. თქვენო დირსებავ თქვენ დასვით კითხვა თუ ვინ იყო პასუხისმგებელი ოპერაციის დანიშვნის, ასევე ვინ ჩაატარა ოპერაცია, მიღებულ პასუხებში ჩემი სახელი არ გაჟღერებულა. პროკურორმა მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ ოპერაციის ჩატარება შეიძლებოდა გეგმურად, მაშინ როცა პროცესზე დაიკითხა ექსპერტი-ექიმი. მან განაცხადა, რომ ოპერაცია იყო სასწრაფოდ გასაკეთებელი. ექიმმა ასევე თქვა, რომ ასეთი ოპერაციები 50 პროცენტით ფატალურად მთავრდება. ტელევიზიები იტყუებოდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ ოპერაცია არალიცენზირებულმა ექიმმა ჩაატარა“, – განაცხადა ფარმან ჯეირანლიმ.

ფარმან ჯეირანლი 2017 წლის 22 მაისს დააკავეს. მას პაციენტებისთვის დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებიან.

„ლანცეტის“ დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.