„ლანცეტის“ დირექტორის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება
„ლანცეტის“ დირექტორის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის საქმეზე განაჩენს მოსამართლე დღეს გამოაცხადებს, – ამის შესახებ პირველ არხს ბრალდებულის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.

დღეს დაცვის მხარე მოსამართლის წინაშე დასკვნითი სიტყვით გამოდის და ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებაც ცნობილი გახდება.

„მე ველოდები გამამართლებელ განაჩენს. არა იმიტომ, რომ მე ვიცავ ფარმან ჯეირანლის, არამედ იმიტომ, რომ მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში არც ერთი პირდაპირი და რეალურად არც ირიბი მტკიცებულება ყოფილა, რომელიც დაადასტურებდა მის დანაშაულს“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა. ორივე ოპერაცია ფატალური შედეგით დასრულდა. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე დაიღუპნენ.

სამართალდამცავებმა კლინიკის ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი 2017 წლის 22 მაისს დააკავეს.

ლანცეტის“ დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფარმან ჯეირანლის პაციენტებისთვის დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას და სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებიან.