მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვანეთში ლამპრობა აღნიშნეს. მოსახლეობა ამ დღეს საფლავებზე ცეცხლს ანთებს. ისინი ღმერთს მიცვალებულების იმქვეყნიურ კეთილდღეობას შესთხოვენ.
საქართველოს პირველი არხის ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე ლამპრობას მესტიაში დაესწრო.
სვანეთში ამ სახალხო დღესასწაულს წელიწადში სამჯერ აღნიშნავენ. ამ დღისთვის ოჯახებში არყის ხისგან საგანგებოდ ამზადებენ ლამპრებს. ოჯახიდან გარეთ იმდენი ლამპარი გამოაქვთ, რამდენი მამაკაციც არის ამ ოჯახში. მოსახლეობა სპეციალურად შერჩეულ ადგილზე იკრიბება და ლამპრებს თავს ერთად უყრის. ადგილზე ინთება კოცონიც. ტრადიციის მიხედვით, მოსახლეობა ერთობლივად ლოცულობს და ღმერთს შესთხოვს, რომ ოჯახში გვარის გამგრძელებლებმა იმრავლონ. შეკრების ადგილზე სპეციალურად გამომცხვარი სარიტუალო პური და სასმელი მიაქვს, რომელიც ეკლესიაში იკურთხება.