ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მეხუთე პაციენტი 68 წლის მამაკაცია ბოლნისის კლასტერიდან, მას მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი
საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეხუთე პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
როგორც კლინიკაში განმარტეს, გარდაცვლილია 68 წლის მამაკაცი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, პაციენტს გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაართულა.
პაციენტი კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და გუშინ ღამით გარდაიცვალა.
„სამწუხარო ამბავია, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 68 წლის მამაკაცი, ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ჩვენთან აპარატულ სუნთქვაზე იყო კარგახანია. თქვენ მოგეხსენებათ, რეანიამიაში 9 პაციენტი მკურნალობდა, აქედან შვიდი აპარატულ სუნთქვაზე, სამი კრიტიკულ ტერმინალურ მდგომაროებაში, ერთ-ერთი პაციენტი იყო ეს პაციენტი, რომელსაც ჰქონდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან. პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეპტიური შოკი, სეფსისი, სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. ძალიან ბევრი შრომა გასწიეს ჩვენმა რეანიმატოლოგებმა, მაგრამ შედეგი ვერ დადგა კარგი“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.