ლალი კალანდაძე - პირველი ივლისიდან მასწავლებლები მიიღებენ უკვე გაზრდილ ანაზღაურებას სრულად და სექტემბრიდან - ახალი საათობრივი გადანაწილების შესაბამის ანაზღაურებას
ჩვენც და მასწავლებლებიც ხშირად ვამბობთ, რომ უნდა გაიმიჯნოს ფუნქციური დანამატი სახელფასო დანამატისგან, – განაცხადა სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ლალი კალანდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება.“
„შემხვედრია ისეთი მოსაზრებაც, რომ ისედაც გამიჯნულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გამიჯნული არ არის. მაშინ, როდესაც დანამატი მიბმულია საათებზე, ის არ ნიშნავს, რომ გამიჯნულია. მიბმულია როგორ – შეიძლება, ხშირ შემთხვევაში, მცირე საათებზე იღებდე სრულ დანამატს, თუ სხვა საათები არ არის სკოლაში, ან პროპორციულად. ის 125 ლარი, რომელიც იანვრიდან, შესაძლოა, დამატებოდა, მოლოდინი რაც იყო და რაც ყოველწლიურად ხორციელდება, სწორედ იყო მაქსიმუმი იმ 15-საათიანი დატვირთვის შემთხვევაში, აქ კი საუბარი არის 2024 წელს ხელფასების 35%-იან ზრდაზე, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საერთოდ არ განხორციელებულა“, – განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, ხელფასის ზრდა 2024 წლის ივლისში განხორციელდება და სამინისტრო ცდილობს, ეს პერიოდი, თუნდაც ამ სასწავლო წლის მეორე სემესტრი მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გამოიყენოს.
„გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სისტემა მთლიანად გადავრთოთ ახალ სახელფასო პოლიტიკაზე, ავსახოთ ყველაფერი ბაზებში, დავასრულოთ სასწავლო წელი, საათების გადანაწილება და ა.შ. საუბარი და კითხვები არის იმაზე, როგორ გაიზრდება ხელფასი პირველი ივლისიდან, რადგან მასწავლებლებს შვებულების პერიოდი უწევთ. მოვისმინეთ რამდენიმე მოსაზრება, რომ მაშინ სამი დღის ხელფასი გაიზრდება, ხუთის და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე განცხადება გაკეთდა, აქაც მკაფიოდ მინდა, ვთქვა, რომ შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებები შევა ნორმატიულ აქტებში და, შესაბამისად, პირველი ივლისიდან მასწავლებლები მიიღებენ უკვე გაზრდილ ანაზღაურებას სრულად, ივლისის თვეში, აგვისტოს თვეში და სექტემბრიდან – ახალი საათობრივი გადანაწილების შესაბამის ანაზღაურებას“, – განაცხადა კალანდაძემ.
სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ დამრიგებლების, კათედრის ხელმძღვანელთა და ა.შ დანამატების საკითხი უკვე შემდეგი ეტაპისთვის განსახილველია.
„რაც შეეხება დამრიგებლებს, კათედრას და ა.შ. ამაზეც რაღაცნაირად უნდა შევთანხმდეთ, რომ ახლა იმდენად დიდი და პრობლემური საკითხის წინაშე ვდგავართ, მასწავლებლის ანაზღაურება როგორ დაანგარიშდეს, დაკონვენტირდეს და ა.შ. რომ ჯერჯერობით სხვა დანამატები შეგვიძლია, შემდგომი განხილვის ეტაპისთვის გადავდოთ და, პირველ რიგში, ვკონცენტრირდეთ ამაზე, რომ ეს ხელფასი ნამდვილად გავხადოთ ღირსეული“, – განაცხადა კალანდაძემ.