ლაგოდეხში, მდინარე კაბალის ნაპირსამაგრი სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
რეგიონში გამოიდარა, რაც სამუშაოების ინტენსიურ რეჟიმში განხორციელების საშუალებას იძლევა. მდინარის დონემ დაიწია და გარღვეული კალაპოტებიდან სასოფლო სამეურნეო ნათესებზე წყალი აღარ მიედინება.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ მოსავალი სტიქიამ სრულად გაუნადგურა. ისინი მიყენებულ ზარალზე და მოსავლის მოსაყვანად ბანკიდან აღებული კრედიტის დაფარვის პრობლემაზე საუბრობენ.
ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად 150 ჰექტარია დატბორილი და მიმდინარეობს სავარგულების აღწერა და ზარალის დათვლა
„მოსახლეობას რა ზარალი მიადგა შევისწავლით და მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩენთ დახმარებას. ქვეყანაში არსებობს მოსავლის დაზღვევის მექანიზმი. ყველა გლეხმა და ფერმერმა უნდა დააზღვიოს მოსავლი“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მდინარე კაბალზე ნაპიგამაგრებითი სამუშაოების პარალელურად 11 კილომეტრზე უკვე მოწყობილია დამცავი გაბიონი და ეს პროცესი გრძელდება.
სტიქია ლაგოდეხში გუშინ მოხდა. ადიდებულმა მდინარეებმა კაბალმა და გრუნტის წყლებმა მოსახლეობის სახლების პირველი სართულები, სარდაფები, საკარმიდამო ნაკვეთები და სათბურები დატბორა. მოსახლეობას წყლის ამოტუმბვის პროცესში მთელი დღის განმავლობაში მაშველები და მერიის შესაბამისი სამსახურები ეხმარებოდნენ.