ლაგოდეხში, მდინარეების ადიდებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს
კახეთში, მდინარეების ადიდებით გამოწვეული შედეგების უმოკლეს დროში აღმოფხვრის მიზნით, თბილისის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები იმყოფებიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლაგოდეხში სპეციალური სამაშველო ტექნიკა და დამატებით მობილიზებული ცოცხალი ძალა მუშაობას უკვე შეუდგა. უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებიც.
ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს მეთვალყურეობას პირადად უწევდა.
გუშინ, ღამით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და პოლიციის კოორდინირებული თანამშრომლობით, მდინარე ალაზნის წყლის დონის მომატებისთანავე, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაიკეტა. ვითარების დარეგულირებისთანავე, გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.
ამ დროისათვის, კახეთში აღარ წვიმს. შეინიშნება მდინარეების კალაპოტებში წყლის დონის კლება. დატბორილი ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებმა 150-ზე მეტ ოჯახს შესაბამისი დახმარება უკვე გაუწია. ადგილზე ვითარება სტაბილურია.