ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საათია, 16 წლის გოგოს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე გურგენიანის ჩანჩქერზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ მათგანს სავარაუდოდ ნაპირზე ფეხი დაუცურდა და მდინარე ნინოსხევში გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ 16 წლის გოგონას ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.
შეტყობინების მიღებისთანავე, მითითებულ ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ.
ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 16 წლის გოგონას ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ზედაპირული – სახმელეთო დათვალიერებით, ისე – წყალში.
ხმელეთსა და წყალში საძიებო სამუშაოები გოგონას პოვნამდე 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.