ლაგოდეხის ნაკრძალში საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა. ბილიკის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით ერთი წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი იქნება.
ხის კენწეროების ბილიკის პროექტი გერმანულ-ჰოლანდიურმა კომპანია, „CITYFORESTER“-მა მოამზადა. კომპანია ევროპის წამყვან ქვეყნებში არქიტექტურა/ურბანიზმის მიმართულებით მუშაობს. „CITYFORESTER“-ის გარდა, ბილიკის საპროექტო სამუშაოების მომზადების პროცესში ორი უცხოური კომპანია: „OPENFABRIC“ და „IMAGINE STRUCTURE“ და ერთი ქართული ორგანიზაცია “CENN” იყო ჩართული. ორგანიზაციებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტებზე და ინტელექტუალურ დიზაინზე მუშაობის მიმართულებით.
პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაშის (TJS) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.